„კოლექტიური დასავლეთი“ თბილისისგან „მეორე ფრონტის“ გახსნას მოითხოვს - რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი შეაფასა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 4-5 აპრილს გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში გახანგრძლივებული პაუზები რეგიონში დაძაბულობითაა სავსე, რაზეც პასუხისმგებლობას მოსკოვი დასავლეთს აკისრებს და აცხადებს, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისისგან „მეორე ფრონტის“ გახსნას მოითხოვს.

„ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია „კოლექტიური დასავლეთის“ მიმდინარე მცდელობები, დაპირისპირების ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანოს, რაც გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სწრაფ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისსა და სოხუმს/ცხინვალს შორის სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, მათი შეფასებით, საჭიროა, ქართულმა მხარემ გააფორმოს ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ სოხუმსა და ცხინვალთან.

„ასევე, საჭიროა, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება. ამ საკითხების იმპლემენტაცია ჟენევის დისკუსიებში მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.