კოლონას ვიზიტი იქნება ძლიერი სიგნალი ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის - დარჩიაშვილი

პუბლიკა

დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში და იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მას აქვს მრავალი განზომილება. ეს მოიცავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე საკითხს, რომელიც ეხება საფრანგეთის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას და მობილიზებას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ასპირაციების წარმატებით შესრულებაში.

ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში ვიზიტი ვფიქრობ, რომ თავის ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, კატრინ კოლონასთან პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ესაუბრა, რათა ქვეყანამ პირნათლად და დროულად შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

„მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ქალბატონ მინისტრს ასევე გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ. ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო, რათა ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს უკვე ჩატარებული რეფორმების რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო/ოდირი, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრა გამართასაგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.