კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ჰქონდა - კომუნიკაციების კომისია

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 16,3 მილიონი ლარი იყო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. კომისიაში ვარაუდობენ, რომ სარეკლამო შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 70.8% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 17% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით არის გაზრდილი.

„სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით შემცირდა და 4.9 მილიონი ლარი შეადგინა.

„მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 2.1 მილიონი ლარი იყო.

„მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია.

1.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო „პოსტვ“-მ, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა.

0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 0.9 მილიონი ლარი შეადგინა.

2022 წლის მესამე კვარტალში 0.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ბი ემ ჯი-მ“.

უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შემოსავალი, რომელმაც 0.5 მილიონი ლარი შეადგინა.

0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.4 მილიონი ლარი იყო.

0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი „სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა.

სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.