კომიკურ ფიგურად ქცეული კობახიძის მუქარას სერიოზულად არავინ აღიქვამს - ბოკუჩავა კობახიძეზე

პუბლიკა

„ირაკლი კობახიძე, ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, – ასე ეხმაურება „სოციალურ ქსელში“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ელექტროშოკებითა და ხელკეტებით აღჭურვილი ეკიპაჟების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

კობახიძის თქმით, პროვოკაციების ორგანიზების მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდვინის ბრიფინგს გამოეხმაურა თინა ბოკუჩავაც. „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მან განაცხადა, რომ იმ ოლქებში, სადაც „ოცნება“ დამარცხებას ელოდება, პროვოკაციებს მოაწყობს, მათ შორის, მიმართავს ძალადობასაც.

„ბიძინა ივანიშვილის პაიკებისთვის ძალიან მტკივნეულია ძალაუფლების დაკარგვა, მათ ხელისუფლება სურდათ მხოლოდ იმისთვის, რომ კორუფციაში ჩაეფლოთ ქვეყანა და, შესაბამისად, ეზრუნათ საკუთარ ჯიბეზე და არა ქვეყნის ინტერესზე.  ეს არის ძალიან გააზრებული, მათ შიდა კვლევებზე დაფუძნებული განცხადება.

ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი რომ ვერ შეაშინებს, აქამდე უნდა მიმხვდარიყვნენ. ნიკა მელია სრულიად უსამართლოდ, სამარცხვინო გადაწყვეტილებით გააძევეს პარლამენტიდან, მაგრამ ეს რომ ვერ შეაშინებს ვერც ნიკას, ვერც ხაბეიშვილის ვერც გიორგი ბოტკოველს, ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც მთელი შეგნებით ებრძვის ივანიშვილის ძალიან მახინჯ სისტემას და რეჟიმს. კომიკურ ფიგურად ქცეული ირაკლი კობახიძის მუქარას სერიოზულად არავინ აღიქვამს და ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს გამარჯვებაში, რომელიც ხვალ გველოდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს პროვოკაციებს ელოდებიან რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

კობახიძის თქმით, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე.

„მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – განაცხადა კობახიძემ.