„ჰყავთ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები“ - კობახიძე ოპოზიციაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს პროვოკაციებს ელოდებიან რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. ამის შესახებ კობახიძემ „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.

ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ.

ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადების გაკეთების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ჯამში რამდენიმე ასეულ ადამიანზე აქვს საუბარი, რომლებიც ეკიპაჟების ფორმით მის მიერ დასახელებულ ოლქებში იქნებიან კონცენტრირებულები. მისი თქმით, აქვთ დეტალური სიები და იციან, რა ტიპის აღჭურვილობა ექნებათ და რა ტიპის ქმედებებს აპირებენ.

„თითოეული ეს ადამიანი თუ მიმართავს დესტრუქციულ ქმედებებს, დაისჯება კანონის სიმკაცრით. რაც შეეხებათ ორგანიზატორებს, ისინი კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით დაისჯებიან“, – განაცხადა მან.