ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა. 10 კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნის პროგრესის შეფასების პრეზენტაცია გააკეთეს ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ შეძლებს მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემის განხილვას.
„ევროკავშირი კვლავაც მზადაა გააღრმავოს პარტნიორობა საქართველოსთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის შესაბამისად. სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირის გზას და არ აჩვენებს არსებულ პრობლემებთან და საკვანძო რეფორმებთან დაკავშირებით კონკრეტულ ძალისხმევას, კომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცეს“.
რაც შეეხება საქართველოს შესახებ მომზადებულ ინდივიდუალურ ანგარიშს, იქ შეფასებულია ქვეყანაში განვითარებული ბოლო წლის მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ რუსული კანონის ხელახალი განხილვისა და შემდგომი მიღების გადაწყვეტილებას, მოჰყვა სხვა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე.
„2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპის საბჭომ ხელახლა გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელზედაც დაფუძნებულია ევროკავშირი. საბჭომ აღნიშნა, რომ მსგავსი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ფაქტობრივად აჩერებს გაწევების პროცესს.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ საგრძნობლად დაბალია – 49%”, – ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე ნათქვამია, რომ საქართველომ ითანამშრომლა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ევროკავშირში ინტეგრაცია დარჩა დეკლარირებულ პოლიტიკურ მიზნად, ბოლო წლის განმავლობაში რეფორმები და მოვლენების განვითარება არ შეესაბამებოდა ამ მიზანს. დოკუმენტში მოწოდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ანტიევროპული ნარატივები ევროკავშირისადმი პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით.
რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს დამატებითი შესწორებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ასევე, მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის ფართო რეფორმა; მიიღოს ცვლილებების პროექტი, რომელიც მოიცავს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილებას პარლამენტში მარტივი უმრავლესობიდან კვალიფიციურ უმრავლესობამდე.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სისტემური მიდგომის განხორციელება დეოლიგარქიზაციის მიმართ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
ფუნდამენტური უფლებების ქვეთავში კი კომისია საუბრობს, რუსულ და ჰომოფობიურ კანონებზე და მთავრობას მათი გაუქმებისკენ მოუწოდებს. დამატებით აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები სიძულვილისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ანგარიშში საუბარია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება.