კომიტეტი ბუტაფორიულადაც აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესის შექმნას - ომბუდსმენი მოსამართლეებზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნას გამოეხმაურა.

„როგორც იცით, სახალხო დამცველი არ იღებდა ამ ფარსში მონაწილეობას. დღეს უკვე დამტკიცდა ისიც, რომ იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც კი აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას. ჩვენ დავინახეთ, რომ იმ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი შეფასებები ჰქონდათ და ყველაზე კვალიფიციურები იყვნენ, ამ კანდიდატებში გამოირჩეოდნენ, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ვფიქრობ, დამტკიცდა ის, რასაც ვამბობდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ პროცესში მონაწილეობას. მაინც გასაკვირი იყო, რომ კომიტეტი ფასადურაც არ ეცადა შეეფუთა ის არადემოკრატიული პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი – ეს არის 6 მოსამართლე, რომელთაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

სასამართლო რეფორმის მიღებამდე დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდა ხელისუფლებას დიპლომატიური კორპუსიც, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი არ შეაჩერა და განაცხადა, რომ „მიშელის დოკუმენტი“ არ ირღვევა, რადგან რეფორმის რამდენიმე ტალღა სასამართლოში უკვე განხორციელდა.