კომიტეტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს

პუბლიკა

იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი და უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

კომიტეტის სხდომა დაახლოებით, 6 წუთს გაგრძელდა.

მომხსენებელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენით განსახილველი დოკუმენტი, რომელშიც რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა, დეპუტატებს დარიგებული ჰქონდათ და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მათ შეეძლოთ, მოსაზრება გამოეთქვათ.

სიტყვა მხოლოდ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მოითხოვა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მესამე მოსმენაზე რედაქციული ხასიათის ცვლილებებს განიხილავენ, მას აქვს შეთავაზება ფორმულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნაცვლიშვილმა წინადადება ვერ დაასრულა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

„შემოგთავაზებდით ასეთ ფორმულირებას, რაც სინამდვილეში არის ამ კანონპროექტის არსი, რომ ძალიან არ გინდათ და ძალიან გეშინიათ სამართლიანი არჩევნების“, – ამბობდა ნაცვლიშვილი მიკროფონის გათიშვამდე.

ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ის ვალდებულია, მიკროფონი გათიშოს, როდესაც საკითხი სცდება განსახილველ საკითხს.

ანა ნაცვლიშვილი ამბობდა, რომ მისი შენიშვნა რედაქციული ხასიათისაა და რომ „ოცნება“ არღვევს ევრორეკომენდაციას, მაგრამ მას სიტყვის უფლება აღარ მისცეს.

ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტი კენჭისყრაზე გამოიტანა.

კომიტეტმა ასევე განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს – კომიტეტის სამოქმედო გეგმას.

კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სხდომის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონი პარლამენტის მიერ მიღებული იქნება და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.