პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესის ცვლილება II მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საარჩვნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები. ცვლილებებს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

ბოლო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო კვორუმი მესამედ იცვლება. ამჯერად შემოთავაზებული ვერსიით, თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები 5 წლის ვადით მიიღებენ უფლებამოსილებას.

იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამავე კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებისგან ირჩევენ, მეორეს კი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრთაგან.

ცესკოში ოპოზიციის კვოტით არჩეული მოადგილე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძეა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიების, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიასა და ევრორეკომენდაციებთან შესაბამისობაში არ მოდის.

გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან.

მისივე თქმით, როგორც დასკვნაში იყო მითითებული, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მაღალი კვორუმით ვერ აირჩევენ, ხელახალი კენჭისყრით არჩეულ თავმჯდომარეს 6-თვიანი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.

მიქანაძის თქმით, ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა გამართა კონსულტაციები ოპოზიციასა და დაინტერესებულ მხარეებთან, თუმცა მათგან არგუმენტები და პოზიციები არ მოუსმენიათ, შესაბამისად, საკითხის განხილვა გაგრძელდა.

რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით არჩეულ მოადგილეს, უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოადგილე პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩეს და არა – პოლიტიკურით.

„როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, ასეთ დასკვნას და რეკომენდაციას ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური, ყველანაირი ნონსენსი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი თხოვნა ვენეციის კომისიასთან, დაწერონ სამართლებრივი დასკვნები. ნუ დაწერენ მაგალითად, იმას, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს წევრი. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს.