„ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
სარჩელს ხელს „ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“ და „ხალხის ძალა“.
პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ „ოცნება“ სარჩელს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს „უახლოეს მომავალში უკვე ამ კომიტეტის დასრულების შემდეგ“ იგეგმება.
სარჩელით მოთხოვნილია, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“.
საკონსტიტუციო სარჩელი არ შეიცავს პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.
რაც შეეხება „ლელოს“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საკრებულოებში მოხვდნენ, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ოცნება” კონსტიტუციური სარჩელით არ მოითხოვს მათი უფლებამოსილების შეწყვეტას.