„კომიტეტს არ აქვს რესურსი" | ონისა და ნამახვანის ჰესზე პეტიციას სამინისტროს გადაუგზავნიან

პუბლიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ონისა და ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით 10 135 მოქალაქის პეტიციის შესაბამისი სამინისტროსთვის გადაგზავნას დაუჭირა მხარი.

პეტიცია კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. მოხსენების დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტს არ აქვს რესურსი, რომ თავად შეისწავლოს აღნიშნული საკითხები, ამიტომ პეტიციას საპასუხოდ შესაბამის სამინისტროს გადაუგზავნიან.

„ჩვენ ამ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მივიჩნევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტს არ აქვს იმის რესურსი, რომ შესასწავლად დაიტოვოს, იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც ბატონ ვარლამს ჰქონდა წარმოდგენილი, რომ [პროექტში] არ არის შესაბამისი არგუმენტები წარმოდგენილიო, მინდა შესაბამისს სამინისტროებს ვთხოვო, გადავუგზავნოთ პეტიცია ამ საკითხებზე საპასუხოდ. ვინ არის ამის მომხრე, ასე დავაყენოთ კენჭისყრაზე ეს საკითხი”, – განაცხადა სონღულაშვილმა. კომიტეტის წევრებმა ამ საკითხს მხარი ამ ფორმით დაუჭირეს.

პროცედურულად, პეტიციასთან დაკავშირებით, რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტი უფლებამოსილი იყო, მიეღო 3 გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას; ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის; გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

პეტიციის მოთხოვნებია:

► შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;
► დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
► საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკისშემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;
► გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.