„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“ - აქტივისტები პეტიციას აქვეყნებენ

პუბლიკა

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“ – მოძრაობა „არა ონის კასკადს“ და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ პეტიციას აქვეყნებენ. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.

„დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები“, – აღნიშნულია პეტიციის აღწერაში.

პეტიციის ავტორები ასევე მოითხოვენ, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.

მოძრაობის „არა ონის კასკადს“ და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კიდევ ერთი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

პეტიციის ავტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ და შეუერთდნენ მოთხოვნებს. პეტიცია პლატფორმა „Manifest.ge“-ზეა განთავსებული. პეტიციისთვის საჭიროა 10 ათასი ხელმოწერა.


ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

რა იგეგმება რაჭაში?

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია. კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა.
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა.
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).

ამავე თემაზე;

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► მდ. რიონის ნაწილი მიემართება მილებში, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა – მინისტრი ონის კასკადზე;

► ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს – რაჭის სათემო ორგანიზაცია;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ;