„ეს არის უხეში დარღვევა" | რა სამუშაოები მიმდინარეობს ნამახვანჰესზე

პუბლიკა

ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო არეალში კომპანია „ენკამ“ სამუშაოები განაახლა. „პუბლიკასთან“ საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჰესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ კი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ დასახელებული სამუშაოები ვერ მიიჩნევა მოსამზადებელ სამუშაოდ და რომ ეს უკვე მშენებლობის დაწყებაა. მათი თქმით, აღნიშნული საფუძველია კომპანიის დაჯარიმებისთვის, ვინაიდან მას ამ ეტაპზე ამგვარი სამუშაოების უფლება არ აქვს.

რას ამბობენ კომპანიაში?

„ენკას“ განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ქვედა ნამახვანჰესისთვის, წყალტუბოს მონიციპალიტეტში. ამ ეტაპზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს:

  • სოფელ ჟონეთში სრულდება დროებითი ბანაკის მშენებლობა, რომელიც 500 ადამიანამდე იტევს. ბანაკი ნაწილობრივ უკვე ოპერირებს.
  • სოფელ მამაწმინდაში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის ქარხნის მოწყობისა და სადაწნევო გვირაბთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის.
  • სოფელ ნამოხვანში შენდება დროებითი ხიდი და ასევე მიმდინარეობს ქვედა ნამახვანის ჰესის სადერივაციო გვირაბისთვის გათვალისწინებული ადგილის ზემოთ გზის დროებითი გადატანა.

კომპანიისვე განცხადებით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარე ყველა სამუშაო მოსამზადებელია, მათ შორის ნამოხვანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიატორიაზეც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „კერძოდ, ქვედა ნამახვანის ჰესის სადერივაციო გვირაბისთვის გათვალისწინებული ადგილის ზემოთ გზის დროებითი გადატანა“.

„ენკაში“ ამბობენ, რომ აღნიშნულ სამუშოებზე 2020 წ. 3 ივნისს გაცემულია ნებართვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.

„მწვანე ალტერნატივის“ შეფასება:

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ის სამუშაოები, რაზეც კომპანია მიუთითებს, ვერანაირად ვერ მიიჩნევა მოსამზადებენ სამუშაოებად და ეს არის უკვე მშენებლობის დაწყება.

„იმ ბრძანებაში, რომლითაც მშენებლობის ნებართვა არის გაცემული, არის გამოყოფილი ძირითადი და მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელ სამუშაოებში მიიჩნევა, მაგალითად, მიწის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება, გრუნტის ზედაპირიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მხოლოდ ძირითადი ღერძების დაფიქსირებისთვის.

მოკლედ, მოსამზადებელი სამუშაოები არის ძალიან, ძალიან წინასწარი სამუშაოები, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებას არ იწვევს. ესენი რასაც ამბობენ – ბანაკის მშენებლობა საერთოდ წარმოუდგენელია [რომ მოსამზადებელი სამუშაო იყოს]. ბანაკის მშენებლობა უკვე არის მშენებლობის დაწყება… ანუ ნაგებობის მშენებლობა და მით უმეტეს, მისი ფუნქციონირება, ვერანაირად მოსამზადებელ სამუშაოდ ვერ მიიჩნევა… მით უმეტეს მოქმედი ბანაკი საერთოდ წარმოუდგენელია, ხიდზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია, ბეტონის ქარხანა – ეს უკვე ცალკე სანებართვო სამუშაოა. ეს არ არის პროექტის ნაწილი. საამისოდ ცალკე ნებართვა არის საჭირო… რაც ჩამოთვლილია, ეს არც ერთი მოსამზადებელი არ არის. ეს არის უკვე დაწყებული მშენებლობის პროცესი და ყველაფერი საფუძველია იმისა, რომ დაჯარიმდეს კომპანია იმიტომ, რომ ამ სამუშაოების უფლება არ აქვს ამ ეტაპზე, არც ერთის“, – ამბობს გუჯარაიძე.

მისი განმარტებით, კომპანიას გაცემული ნებართვის საფუძველზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების უფლება აქვს. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, მათ საამისოდ მთელი რიგი პირობები აქვთ გასათვალისწინებელი და შესაბამისი პროექტი წარსადგენი.

„ამ ეტაპზე, ნებართვის საფუძველზე აქვთ მოსამზადებელი სამუშაოების უფლება. ვიდრე არ წარადგენენ მთლიანი პროექტის დოკუმენტაციას თავისი საექსპერტო შეფასებებით [მანამდე მშენებლობას ვერ დაიწყებენ]. ამისთვის ვადა აქვთ 2021 წლის აპრილამდე. ეს აქტი მოიცავს მთელ რიგ პირობებს მშენებლობის დასაწყებად. მანამდე სამშენებლო სამუშაოებს ვერ დაიწყებენ“, – ამბობს გუჯარაიძე.

გუჯარაიძე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ [რომელიც ასევე გასაჩივრებულია სასამართლოში].

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც გასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ითვალისწინებს კიდევ უფრო მეტ პირობებს, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოების დაწყებამდე.

„ანუ იქ არის საუბარი კვლევებზე, რომელიც კომპანიას არ შეუსრულებია. ანუ მთელი რიგი პირობებია ცალკე შესასრულებელი, სანამ მშენებლობას დაიწყებ და ფაქტია, რომ მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს კომპანიას. ამიტომ, თუკი ეს არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია და ამბობს, რომ სამუშოები უკვე ჩატარებულია, ალბათ, ჩვენ მივმართავთ ორივე უწყებას კომპანიის შემოწმების მოთხოვნით იმიტომ, რომ ეს ორივე ბრძანების – მშენებლობის ნებართვისა და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებების უხეში დარღვევაა“, – ამბობს გუჯარაიძე.


ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

LB image desktop LB image mobile