კომიტეტზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დროს მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ჟურნალისტური საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის მუხლით დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მუხლის ფომულირება ასეთია: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.


დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უყარეს კენჭი.  სხდომის მსვლელობისას, ტექნიკური შესვენების დროს, ჟურნალისტებს სხდომის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კადრებში ჩანს, მანდატურები ძალით როგორ ატოვებინებენ დარბაზს ჟურნალისტებს. მსგავს კადრებს ავრცელებს გამოცემა „ტაბულაც“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის დღევანდელი სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანას გამოეხმაურა.

„გაურკვევლობა მოხდა და ჟურნალისტემა გამოთქვეს პრეტენზია, მანდატურებმაც უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და გაეშუქებინათ ეს პროცესი ბოლომდე, ამიტომ, თუკი რაიმე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ, თუმცა არვინ არავის არ უნდა გადააბრალოს, ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად“, – ამბობს ოხანაშვილი.