კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი - ENKA

პუბლიკა

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა” აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ კომპანიის მფლობელები, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი.

„კომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო”, – აცხადებს ENKA.


„იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს”, – ამის შესახებ დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მან იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორს დაითანხმებენ, „რომ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი”.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკებები პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარით გადაცემის წლოვანობას შეეხება.