კომპანია ,,ენკა" ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

კომპანია ,,ენკა” ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სადეზინფორმაციო კამპანია.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (სახელმწიფო საწარმო, რომლის შვილობილსაც წარმოადგენდა სს,,ნამახვანი“) 2015 წლის 24 დეკემბერს, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით.

„სს „ნამახვანს“ დაასრულებული ჰქონდა განახლებული საბაზისო დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, და მრავალი კვლევის საფუძველზე – აღებული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის ნებართვა. ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით შექმნილმა შეფასების კომისიამ, შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (გადარქმეული სახელი: შპს „ენკა რინიუებლზ“) გამოაცხადა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2019 წლის 25 აპრილს, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა სს ,,ნამახვანის“ ქონების გამოსყიდვასაც. შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესების კასკადის სამშენებლო/დეტალური პროექტის მომზადების მიზნით, განახორციელა პროექტის ოპტიმიზაციის სამუშაოები, რომლის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კომპანიის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენილი ქვემო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებული ცვლილებები – მათივე გადაწყვეტილებით დაექვემდებარა ხელახალ სანებართვო პროცედურას, განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შედეგად, 2020 წლის 28 თებერვალს გაიცა განახლებული გარემოსდაცითი გადაწყვეტილება, ხოლო იმავე წლის 22 აპრილს – განახლებული მშენებლობის ნებართვა. კანონმდებლობით განსაზღვრული წესის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებულია საჭირო მიწის ნაკვეთებზე სამართლებრივი უფლების მოპოვება.

პროექტის მასშტაბებიდან და კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებებზე შეთანხმების მისაღწევად საჭირო გონივრული ვადის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის პირობად განსაზღვრულია კონკრეტული დამატებითი ვადა, ყველა კატეგორიის საჭირო მიწებზე უფლებების სრულად მოპოვების მიზნით.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ნაწილი, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სასყიდლიანი პრივატიზების ფორმითა და ზოგიერთი მათგანის – აღნაგობის უფლებით, გადმოცემულ იქნა მკაცრად განსაზღვრული პირობებით: მიწებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნებისთვის, გასხვისების უფლების გარეშე. აქვე, მიწების გადმოცემის პირობად განსაზღვრულია ნამოხვანი – ალპანა – მამისონის გზის, ნამოხვანი – ალპანას 28 კმ. მონაკვეთის მშენებლობა და მისი უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსთვის, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლესი გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების და სოციალური სტანდარტების განხორციელების ვალდებულებებზე.

აღსანიშნავია, რომ იმ გადმოცემულ სახელმწიფო მიწებზე, რომელთაც ყავდათ ფაქტობრივი მოსარგებლეები ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახელმწიფოს მოთხოვნის თანახმად გაცემული იქნა კომპენსაციები სხვა მესაკუთრეებისთვის განსაზღვრული განაკვეთების იდენტურად. რაც შეეხება, ქვემო ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში არსებულ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებებს – 278 ოჯახიდან კომპენსაცია გაცემულია 257 ოჯახზე – 30 მლნ ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ მოსახლეებზე მიმდინარეობს ფორმალური პროცედურები. აღსანიშნავია რომ კერძო პირების მფლობელობაში არსებული მიწების უმრავლესობა არ იყო რეგისტრირებული. თუმცა, კომპანიის საკომპენსაციო პოლიტიკის თანახმად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კომპენსაციები გაიცა იდენტური განაკვეთებით როგორც მესაკუთრეებზე, ასევე მფლობელებზე და ის მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო ფასს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, გადაამოწმონ ფაქტები და დაიცვან საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული უფლებები და ვალდებულებები“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი 433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად, გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.