„კომპანია რასაც ავრცელებს სიცრუეა" | რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს”

პუბლიკა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 184 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, გუშინ, 11 სექტემბერს ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს.

რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობა დაიწყო, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი.

რას მოითხოვენ შუქრუთელები

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

ისინი მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.

კერძოდ, 2021 წელს, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციების შემდეგ,  „ჯორჯიან მანგანეზსა” და საპროტესტო ჯგუფს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმდა, რომ ზიანს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაითვლიდა, შეაფასებდა ქონების საბაზრო ღირებულებას, ზარალს კი „ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებდა.

თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა და ადგილობრივებმა პროტესტი 2024 წლის მარტში განაახლეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებიდან და არც „ჯორჯიან მანგანეზიდან“ არავინ გამოხმაურებიათ.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეფუძნოს 2021 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და ანაზღაურება მოხდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე.

რას ამბობს „ჯორჯიან მანგანეზი”

პროტესტის პარალელურად, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, რომელიც ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანიაა, სოციალურ ქსელში გუშინ, 11 სექტემბერს განცხადება გაავრცელა. კომპანიაში შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს „რადიკალურ ჯგუფს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპენსაციები გაცემულია, რომლის ჯამური რაოდენობაც 12 მილიონ ლარზე მეტია, „ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები”.

ამის დასტურად კი კომპანიამ ჩარიცხვების საბანკო ამონაწერები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დანიშნულებაში ძირითადად მითითებულია, რომ ეს არის „მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება“.

„დღემდე კომპანიამ 12 მილიონ ლარზე მეტი გასცა კომპენსაციის სახით, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები. მათ შორის:

  • გიორგი ნეფარიძე – 96 814 ლარი, მისი და მისი ოჯახის სახელზე;
  • ჯანიკო ლაბაძე – 195 738 ლარი;
  • თამარ კუპატაძე – 117 097 ლარი;
  • რომან მეგრელიშვილი – 105 031 ლარი;
  • ზვიად პაპიძე – 85 000 ლარი;
  • გიორგი ბიწაძე – 26 094 ლარი;
  • ამირან შეყილაძე – 88 099 ლარი.

აშკარაა, რომ აქციის მონაწილეები რადიკალური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც შანტაჟის გზით ცდილობენ კომპანიიდან დამატებითი თანხების გამოძალვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გავრცელებულ საბანკო ამონაწერებსა და განცხადებაში მოყვანილი რიცხვები ორ შემთხვევაში (ჯანიკო ლაბაძე და თამარ კუპატაძე) ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, განცხადებაში ნახსენებია პროტესტში მონაწილე დამატებით რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კომპანიის  მტკიცებით, აუნაზღაურდათ ზარალი, თუმცა მათთან თანხის ჩარიცხვის საბანკო ამონაწერი კომპანიას არ გაუვრცელებია.

რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს”

„პუბლიკა” შუქრუთის პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, თუ რა თანხებზე საუბრობდა განცხადებაში „ჯორჯიან მანგანეზი”.

მისი თქმით, კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება. ნეფარიძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც რიგმა ოჯახებმა მიიღეს, იყო ავანსის სახით გაცემული.

მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ „გაიწელა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მომზადება”, კომპანიამ წინასწარ გარკვეული თანხა გადაუხადა პროტესტში მონაწილეებს, მანამ, სანამ დასკვნა მომზადდებოდა. ამ თანხას კი, მისი თქმით, შემდგომში უნდა დამატებოდა სამხარაულის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დაანგარიშებული ანაზღაურება.

„კომპანია ავრცელებს მილიონ შავ პიარს, ცდილობს ჩვენს გაშავებას. რა რიცხვებსაც ავრცელებენ, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. რაც გვაქვს ჩვენ აღებული, არაფერს არ ვმალავ. თანხის გარკვეული რაოდენობა ავანსის სახით არის ჩარიცხული, მაგრამ რა ციფრებიც ვრცელდება არის სიცრუე”, – ამბობს ნეფარიძე.

გიორგი ნეფარიძე „ჯორჯიან მანგანეზთან” 2021 წელს დადებული ხელშეკრულების შესახებ ამბობს, რომ ადგილობრივებმა კომპანიისგან მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მათ ზარალს დაითვლიდა, შეაფასებდა და ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ.

თუმცა, ნეფარიძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზმა” უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა „თვალითაც არ უნახავთ” და „კომპანია დოკუმენტს არ ასაჯაროებს”.

ადგილობრივების მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპენსაციები სწორედ სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით გაიცეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა” აიღო ვალდებულება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩამოვიდოდა, შეაფასებდა ჩვენს კერძო საკუთრებას სრულად, დაადგენდა, რა ზიანი ჰქონდა მიყენებული „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.

კომპანიასთან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ დღემდე არ გვინახავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. არ ასაჯაროებს კომპანია”, – აღნიშნავს ნეფარიძე.

გიორგი ნეფარიძე „პუბლიკასთან” ასევე საუბრობს იმ მიზეზზე, რატომაც, მისი აზრით, კომპანია თავს იკავებს, რომ შუქრუთელების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

„2019 წლიდან არაერთი შეხვედრა გვქონდა კომპანიის წარმომადგენლებთან, მაღალჩინოსნებთან. როდესაც ვსაუბრობდით არსებულ პრობლემებზე, ერთ ადამიანსაც კი არ უთქვამს, რომ რამე არაკანონიერს ან არასამართლიანს ვითხოვდით.

პირდაპირ ამბობდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ კი გვესმის ყველაფერი თქვენ რასაც ითხოვთ, სამართლიანია, მაგრამ ჩვენ არ ვოპერირებთ მხოლოდ და მხოლოდ შუქრუთში, ჩვენ ვოპერირებთ ჭიათურის არაერთ სოფელში და ჩვენ რომ ეგ პრეცედენტი დავუშვათ და სამართლიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ, იმ პრინციპით, რა პრინციპითაც თქვენ სამართლიანად ითხოვთ შეფასებას, მოყენებული ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება სახელმძღვანელო დანარჩენი დაზარალებული სოფლების მოსახლეობისათვის. ყველა ანალოგიური პრინციპით მოითხოვს მიდგომას, ანაზღაურებას და ეს უკვე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისთვის” ათობით მილიონი ლარის ზარალი იქნებაო. თორემ ჩვენ არ გვიჭირს კონკრეტულად ერთი სოფლის ზარალი სრულად გავისტუმროთ და ავანაზღაუროთო”, – აღნიშნავს გიორგი ნეფარიძე.