კომპანიები, რომლებიც დასაქმებულებზე არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, დაჯარიმდებიან - მაჭავარიანი

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მან დღეს მთავრობას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს. მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებასაც.

„ამით ისარგებლებს ყველა გადასახადის გადამხდელი და 1500 ლარამდე ოდენობის სამუშაო ადგილზე იცით, რომ 750 ლარის საშემოსავლო გადასახადის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ეს შეღავათი და მათ ეს გადასახადი გადახდილად ჩაეთვლებათ. ეს მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და წახალისებას იმ ბიზნესის და კომპანიების, რომლებიც გააგრძელებენ ხელფასის გადახდას თანამშრომლებისთვის“, – ცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის განცხადებით, ოფიციალურად დასაქმებულები, რომლებიც ახლა ხელფასს ვერ იღებენ ან უხელფასო შვებულებაში არიან, 1200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მისივე თქმით, „საგადასახადო კოდექსში“ ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მიაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან.

„ეს მიზნად ისახავს, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.