კომპანიის განცხადება ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ოკუპაციით - ომბუდსმენი Reformerfitness-ს პასუხობს

პუბლიკა

სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო ომბუდსმენი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს; ანტი-დისკრიმინაციული კანონი კი განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე.

„სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით.

კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და მათზე რეაგირებას, განურჩევლად განმცხადებლის მოქალაქეობისა და ეროვნებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 


25 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორს, გიორგი ფუტკარაძეს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ აპარატს განცხადებით ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა მიმართა.

სახალხი დამცველის წერილიდან ირკვევა, რომ ამ პირმა მომსახურების მისაღებად მიმართა „რეფორმერ ფიტნესს“, ადმინისტრატორმა კი მას ხელმოსაწერად დოკუმენტი გადასცა, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც მომსახურების მიღება ვერ შეძლო.

ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია. ამავე წერილით ირკვევა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა დაწესებულებას დოკუმენტაციის გაგზავნა და დადგენილი პრაქტიკის შესახებ განმარტება მოსთხოვა. სახალხო დამცველის წერილს „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა საჯარო განცხადებით უპასუხა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია წერილში.

იხილეთ სრულად – აქ.