კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დამონტაჟდა - გაბუნია

პუბლიკა

„კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დამონტაჟდა, მისი ფუნქციონირება პრობლემა არ არის”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის მიტანილ აპარატურაზე.

მისივე თქმით, სააკაშვილი მაღალკვალიფიციური ექიმების ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დახმარებასაც მიიღებს.

„პაციენტის ჯანმრთელობას იქ მყოფი ექიმი და ექიმების გუნდი მართავს. ამ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც მაქვს, გლდანის საავადმყოფოში მუშაობს ექიმების გუნდი, მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელსაც შეუძლია, შეაფასოს მისი მდგომარეობა, მართოს, გამოავლინოს რისკები და თუ რაიმე რისკი დაინახა იმგვარი, რომ სჭირდება დამატებითი დახმარება, ბუნებრივია, ეს ექიმები აუცილებლად მოითხოვენ დამატებით დახმარებას”, – ამბობს გაბუნია.

8 ნოემბერს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შეიტანეს. სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს.