კომუნიკაციების კომისია: ჩვენი თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოსდა კომისია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია „მთავარი არხის“ წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „მთავარი არხის“ წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები შეიცავს კანონით აკრძალული არასათანადო ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია”.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “კომუნიკაციების კომისიის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს”.