კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა” 5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ეს ComCom-ის მიერ ტელევიზიის წინააღმდეგ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული მესამე დავაა. კომისიის თქმით, „ფორმულამ” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა”  მე-5 პუნქტი დაარღვია.

კომისიამ სადაოდ გახადა ფრაზები, როგორებიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები”.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, საინფორმაციო გამოშვევების დროს, რიგ შემთხვევებში ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს აჟღერებდნენ.

ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა” 21 მაისს უკვე დააჯარიმა. ამ დროისთვის, ტელევიზიას 2 ჯარიმა და 1 წერილობითი გაფრთხილება აქვს.

კომუნიკაციების კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმას მიმართა და არ გამოიყენა ალტერნატიული სანქცია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა – 5000 ლარი დააკისრა” – ნათქვამია კომკომის განცხადებაში.

თუკი კომუნიკაციების კომისია კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია კვლავ უფლებამოსილი იქნება ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე იმსჯელოს ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა, არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.