კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხის” სიუჟეტი, მინისტრის გენიტალიების ჩვენებით, უხამსობად მიიჩნია და დარღვევა დაადგინა.
როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს, დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა.
„საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს. კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილა ყურადღება.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი – გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე – ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია.