შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი | კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებაზე მსჯელობს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს  „მთავარი არხის“   საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან  დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს.

თავად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კომისია განიხილავს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის კადრის ჩვენებას. ბექა ყორშიას სიუჟეტში ნაჩვენებია პარლამენტის სხდომაზე მჯდარი მინისტრის უხერხული კადრი.

დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო  სხდომაზე მიიღებს.

ტელევიზიის იურისტი თამთა მურადაშვილი კომუნიკაციის კომისიას ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებს. სხდომას ასევე ესწრებოდა ტელევიზია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც უწყებას მოუწოდა – ნუ იქნებიან „მინისტრის გენიტალიების მცველი“.

„უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების  ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით  გამოწვეული ზიანისაგან“, – წერია კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიას მოჰყავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა – მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც კომისიას ვალდებულება აქვს, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

ამავე განცხადებაში კომუნიკაციების კომისია მიმოიხილავს ქართული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის ზღვრის შესახებ; იხსენებს თავისსავე გადაწყვეტილებას „ფორმულას“ დღის ეთერში „ჩემი ცოლის დაქალების“ გაშვების საქმეზე და ასევე იშველიებს საერთაშორისო პრაქტიკასაც.

„კომისიის გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება მიღებული. თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება  დისკუსიის შემდეგ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული“, – წერს კომისია.

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.