კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2” „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. Comcom-ის თქმით, დაირღვა 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი.
მონიტორინგი 10-დან 12 აგვისტოს ჩათვლით 21:00 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებს მოიცავდა. Comcom-ის შეფასებით, გამოიკვეთა „მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქება“.
გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2” („მედია ჰოლდინგი“ ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცირებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ კანონის შესაბამისად, ჯერ წერილობით გააფრთხილა.
დარღვევის მაგალითებად მოყვანილია ახალი ამბების გაშუქებისას წამყვანის მიერ გამოყენებული შემდეგი ფრაზები:
„კონცერტები რუსეთში აგვისტოს ომის შემდეგ და იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე“, „დუმილის კომფორტი მათ მხოლოდ უკრაინის ომმა დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ“, „ოპოზიციის პასიურობით გაბრაზებული ბელადი და პლიაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია“, „კეთილდღეობა სხვების ხარჯზე“, „სკანდალური განცხადებაც არ გამოდის სპონტანური და ის იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება უნდა მოხდეს“, „რევანშით ანთებული ბელადი“, „ახლა მას სურს ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში, ერთპიროვნულად იღებს გადაწყევტილებებს საკუთარ პარტიაში, თუმცა მას მორჩილი უმრავლესობა სჭირდება სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს მისი ციხიდან გათავისუფლებაზე“ | მედიაჩეკერი.
ამ დროისთვის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც მაუწყებლის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს ეხება, თითო-თითო წერილობითი გაფრთხილება აქვს „რუსთავი 2″-სა და „იმედს”, ხოლო წერილობით გაფრთხილებებთან ერთად ერთი ჯარიმა აქვს POSTV-ის, ორ-ორი ჯარიმა კი TV პირველსა და „ფორმულას”.