„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩვენ მხოლოდ ნატოს პარტნიორი ან ნეიტრალური ქვეყანა ვართ და არა ასპირანტი. ვინც ნეიტრალურია, ისიც კი ჩვენზე მეტად აქტიურობს“,- „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს facebook პოსტით ეხმაურება.
„ვილნიუსის სამიტის მეორე დღეა უკვე და ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ქვეყანა არც კი მონაწილეობს ალიანსის ამ მნიშვნელოვან შეკრებაში.
- გუშინ დისკუსიებში სულ 2 ჯერ ახსენეს საქართველო, ისიც ლიეტუვის პრეზიდენტმა 2008 წლის ომის კონტექსტში და კიდევ ერთმა სპიკერმა ამავე კონტექსტში.
- გუშინდელი კომუნიკეს შემდეგ დუეტი უკრაინასთან ფორმალურადაც დაიშალა, თუმცა არც უკრაინაა კმაყოფილი მიღებული გადწყვეტილებით, უფრო მეტს ელოდნენ განსაკუთრებით გაწევრიანების დროის კონკრეტიკასთან დაკავშირებით.
- ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩვენ მხოლოდ ნატოს პარტნიორი ან ნეიტრალური ქვეყანა ვართ და არა ასპირანტი. ვინც ნეიტრალურია ისიც კი ჩვენზე მეტად აქტიურობს.
- ქვეყანას ადგება რეპუტაციული ზიანი. ასეთი მიდგომებით კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დავკარგავთ ისედაც კანტიკუნტად დარჩენილ მხარდამჭერებს, რომელთა მობრუნება არ იქნება ადვილი და წლები დასჭირდება.
- წინა წლებისგან განსხვავებით ასევე სუსტად იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეებიც.
- საგარეო პოლიტიკაში რომ პრიორიტეტები აღრეული გვაქვს აქაც ნათლად ჩანს და კულუარებში საქართველოს შემთხვევაზე მხოლოდ გულდაწყვეტით საუბრობენ.
- ნატო-საქართველოს ურთიერთობები ამ ეტაპზე ინერციით ვითარდება და მას სერიოზული გადატვირთვა სჭირდება. თუმცა, როდესაც ხელისუფლებისთვის ეს საკითხი აღარაა პრიორიტეტული და მხოლოდ ფორმალობის დონეზე განიხილება, ასეთი შედეგი ალბათ აღარცაა გასაკვირი …„მაპზე უკეთეს” ისედაც ვღებულობთ“,- წერს კაკაჩია.
ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი მიმდინარეობს. სამიტი დღეს დასრულდება, მაგრამ ძირითად საკითხებზე მოკავშირეები გუშინვე უკვე საუბრობდნენ, გუშინვე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. თუმცა ვილნიუსის სამიტზე ცენტრალური ადგილი უკრაინის საკითხს ეკავა.
კომუნიკე მოკავშირეების ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც NATO-ს მიმდინარე პოლიტიკას ეხება არაერთი მიმართულებით. 2023 წლის სამიტზე შექმნილ კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღოს და გაიყვანოს თავისი ჯარი.