კონგოში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც ებოლას ეპიდემიას აშუქებდა

პუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჟურნალისტი, რომელიც ებოლას ეპიდემიას აშუქებდა, გუშინ მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კონგოს არმიის პრესცენტრის განცხადებით, დაუდგენელი პირები ქალაქ ლუემბაში ჟურნალისტ პაპი მამბრე მაჰამბას სახლს დაესხნენ თავს, ცივი იარაღით მოკლეს თავად კონგოელი ჟურნალისტი, დაჭრეს მისი ცოლი და დაუწვეს სახლი.

როგორც BBC წერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში ებოლას რიგით მეორე ყველაზე მძიმე ეპიდემიას ებრძვის. თუმცა ადამიანები, რომელიც ვირუსის შეჩერებას ცდილობენ, ხშირად ხდებიან სხვადასხვა ჯგუფის სამიზნე.

შარშან კონგოში სამედიცინო ცენტრებსა და იქ მომუშავე ადამიანებზე ათობით თავდასხმა მოხდა. ამის მიზეზი, როგორც BBC წერს, ხალხში გავრცელებული აზრია, რომ ვირუსი რეალური არ არის. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ექიმები მას მაღალი შემოსავლის მისაღებად იგონებენ.

ამ შეხედულებების გამო, ზოგჯერ ებოლას ვირუსით დაღუპული ადამიანების დაკრძალვისას უსაფრთხოების წესებსაც არ იცავენ. მოსახლეობის ნაწილი ტრადიციულ რიტუალებზე უარს არ ამბობს.

ჟურნალისტ მაჰამბას კი ადგილობრივ საზოგადოებრივ რადიოში ებოლას შესახებ მიჰყავდა გადაცემა, რომელიც ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია 2018 წლის აგვისტოში გამოცხადდა. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მონაცემებით, 3000 დადასტურებული ინფიცირებიდან ვირუსმა 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ებოლას ვირუსი განსაკუთრებით  ჩრდილო და სამხრეთ კივუსა და იტურის პროვინციებშია გავრცელებული.