კონკრეტულ სამართალდარღვევებზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ - გახარია ტუსკის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის, განცხადებას ეხმაურება. ტუსკმა გუშინ Tweeter-ზე საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს. საკონსტიტუციო პროცესი, როგორც იცით, უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე, როგორც უმნიშვნელოვანესია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს საქართველოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა გახარიამ.


„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

11 ივნისის პროცესზე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა  აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მსგავსად, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა.