მოვუწოდებ ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ - EPP-ის თავმჯდომარე

“ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე დონალდ ტუსკი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროპის სახალხო პარტია მიესალმებოდა 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმულ საკვანძო ნაბიჯს. ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში იმყოფება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ”, – წერს ტუსკი.

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

11 ივნისის პროცესზე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა  აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მსგავსად, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა.