კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე შეთანხმების მოწმე ვიყავი - ჩუგოშვილი

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ის იყო მოწმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე შეთანხმების.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მიზანი იყო არა ის, რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდეგ.

„8 მარტის შეთანხმება, საკონტიტუციო ცვლილებების გარდა, გულისხმობდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას. მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.

საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა არჩევნების შემდგომ გაგრძელებულიყო.

შეთანხმების ტექსტი ამბობს: „ვთანხმდებით, რომ კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზება და მსგავსი ქმედებები მომავალში თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას და გადაიდო ხაზარაძის, გვარამიასა და სხვების საქმეები.

„ამ ჩანაწერის შესაბამისად უკვე მოხდა ხაზარაძის, გვარამიასა და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა თამლიანი. შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილისა და რურუას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.

მე თანამდებობა და უმრავლესობა დავტოვე საარჩევნო სისტემის ცვლილებების ჩაგდების გამო და დღემდე სწორედ ეს საკითხი რჩება მთავარ ინტერესად, ვინაიდან ეს ცვლილებები ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად აუცილებელი მგონია.

დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს.

მინდა, ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება“, – განაცხდა თამარ ჩუგოშვილმა.


დღეს არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ, 8 მარტის შეთანხმებით, მმართველ გუნდს, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პასუხისმგებლობა არ აუღია და ოპოზიციის საუბარი ამ თემაზე არის სპეკულაცია. თალაკვაძემ თხოვნით მიმართა დიპლომატებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების ყველა პუნქტს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.