კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
როგორც განცახდებაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის მიზანია – საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან.
„2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
15 აგვისტროს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავის ფასს პროპორციულად არ დაუკლია, ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა საწვავის იმპორტიორებთან მუშაობის გააქტიურება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რათა დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად იცავენ კონკურენციის პირობებს.