შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ საწვავის ფასს 20-30 თეთრს დააკლებენ აგვისტოს ბოლომდე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავის ფასმა პროპორციულად არ დაიკლო, ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა საწვავის იმპორტიორებთან მუშაობის გააქტიურება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რათა დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად იცავენ კონკურენციის პირობებს,

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. როგორც შეგვპირდნენ იმპორტიორები, იმის მიუხედავად, რომ მათ ივლისშიც და აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრი, კიდევ უფრო მეტით აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია – რა მარჯებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაგალითად, ლარი იყოს სტაბილური. ბოლო პერიოდში ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოვუწოდებთ იმპორტიორებს, უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთან და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამ საკითხს მე პირადად, ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდები და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდი ჩვენს ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

LB loan image desktop LB loan image mobile