„კონკურსი პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა არ უნდა ჩაატაროს“ - ჭუმბურიძე

პუბლიკა

კონკურს „ლიტერას“ ჟიურიში კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანს მიმართავს, ლიტერატურული კონკურსი ჩაატაროს სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“.

„ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს“, – წერს ის.

„მივმართავ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს.

შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა. მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის!

ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს.

ანუ: ლიტერატურული კონკურსი უნდა ჩაატაროს სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ”, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ირმა რატიანი ხელმძღვანელობს და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა, რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა.

*** P.S. გუშინ მითხრეს, ბოლო სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთო(?!), რესტორნის ამბავი ხომ საყოველთაოდ ცნობილია“, – ვკითხულობთ ჭუმბურიძის ფეისბუქსტატუსში.


ლიტერატურული კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა 20-ზე მეტმა ავტორმა მოხსნა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვა ჟიურის ყველა წევრმა, ჟიურიში დარჩა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე.