კონსორციუმი მზად არის მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

პუბლიკა

„როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კონსორციუმის ცნობით, მისი საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში. საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს პრობლემებს, რაც მან შექმნა, თუმცა კონსორციუმს ადანაშაულებს, თითქოს მან ვერ მოიზიდა ინვესტიციები, და ეს იქნა გამოყენებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად. კონსორციუმი არ ეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას.

თუმცა, ცხადია, შეწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამ ნეგატიურად იმოქმედა ყველა ჩართულ მხარეზე. სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად აღარ არის ცხადი თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი“,- ნათქვამია განცხადებაში.