საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კოლეგიის 9 წევრიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 6-მა მოსამართლემ მიიჩნია, მათ შორის, გიორგი თევდორაშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ზურაბიშვილის დანიშნული კადრია.
გიორგი თევდორაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის ბრძანებულებით 2021 წლის 13 ივლისს დაინიშნა. უფლებამოსილების განხორციელებას თევდორაშვილი ამავე წლის, 5 აგვისტოს შეუდგა. 2021 წლის 1 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.
გიორგი თევდორაშვილი 2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად, უცხოეთში გამართული ვიზიტებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. განსხვავებული აზრი ჰქონდა სამ ოსამართლეს: ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნას პარლამენტს გადაუგზავნის, დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში კი პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.