კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ეხმაურება პრემიერის იმპიჩმენტის საკითხს, განმარტავს შესაბამის პროცედურებს და აღნიშნავს, რომ საამისოდ საკმარისია პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა, განსხვავებით პრეზიდენტის იმპიჩმენტისგან, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.
ვახუშტი მენაბდის თქმით, პრემიერის იმპიჩმენტი ორი მოტივით შეიძლება დაიწყოს, თუკი ის არღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია. მისი თქმით, ოპოზიციას ახლა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად 50 დეპუტატის ხმა დასჭირდება, საკონსტიტუციო სასამართლოში კი – „დასაბუთებული პოზიცია” და შესაბამისი მტკიცებულებები.
„იმპიჩმენტი შესაძლებელია ორი მოტივით დააინიციირო: პრემიერის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა. ოპოზიცია მეორე გზით მიდის. მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ეს:
1. ოპოზიციას სჭირდება სულ ცოტა 50 დეპუტატი;
2. ამათ უნდა მოამზადონ დოკუმენტი. სადაც დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას და გაუგზავნიან საკონსტიტუციო სასამართლოს;
3. ოპოზიციამ უნდა ჩამოწეროს არგუმენტები და წარმოადგინოს მტკიცებულებები (რამდენადაც შესაძლებელია მათ ხელთ არსებული მექანიზმებით ამ მტკიცებულებების მოპოვება), ანუ უნდა ააგოს ლოგიკური ჯაჭვი რითაც აჩვენებს გონივრულობას საკუთარი პოზიციის; თუმცა ეს არ არის ის სტანდარტი რაც მაგალითად პროკურორს მოეთხოვება (გასაგებია რომ დეპუტატებს არ შეუძლიათ იმ დონის გამოძიების ჩატარება და შესაბამისი ბრალდების მომზადება, რაც სამართალდამცავ სისტემას).
4. საკონსტიტუციო სასამართლო არ ადგენს იმას, პრემიერმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ის მხოლოდ ამ კითხვას პასუხობს: არის თუ არა პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები;
5. ბუნებრივია, პირის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენას არ სჭირდება მტკიცების ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორც მის დამნაშავედ ცნობას. მეტიც საკონსტიტუციომ შეიძლება დადებითი დასკვნა გასცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული. საკონსტიტუციოს ამ დასკვნის შემდეგ შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის პირი გამართლდეს და ამაში არაბუნებრივი არაფერია”, – წერს მენაბდე.
ოპოზიციამ პრემიერის იმპიჩმენტის დაწყება მას შემდეგ დაანონსა, რაც „TV პირველთან” ინეტრვიუში „ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-სკენ მიმავალმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპამდე სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა. ოპოზიციის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – სისხლის სამართლის დანაშაულია.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ პრემიერის იმპიჩმენტი ოპოზიციამ წამოიწყო „აქტუალური თემების” გადასაფარად. ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ხარჯი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაღებულა.