„კონტრაბანდასთან დაკავშირებული საკითხი გადალახულია“ - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასთან კონტრაბანდის საკითხი უკვე „გადალახულია“.

„თქვენ ალბათ ატყობთ, რომ ამ კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღარ მიდის საუბარი. ამიტომ ეს საკითხი უკვე გადალახულია. ზოგადად ჩვენ, მათ შორის, მანამდეც კომუნიკაციისას შევთანხმდით, რომ წინ გავიხედოთ, მომავალს შევხედოთ. აქედან გამომდინარე, სწორედ სამომავლოდ ინფორმაციებს ერთმანეთთან გადავამოწმებთ“, – განაცხადა სპიკერმა „იმედი LIVE-ის“ ეთერში.

მისი შეფასებით, უკრაინაში ვიზიტი თბილი და მეგობრული იყო, რისთვისაც პაპუაშვილმა მადლობა უმაღლესი რადის სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადებით,  სტეფანჩუკთან შეთანხმდა, რომ თუკი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაურკვეველი საკითხები იქნება, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთთან გადამოწმდება ინფორმაცია.