კორძაია ომბუდსმენს: გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი

პუბლიკა

პარლამენტის წევრი თამარ კორძაია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს, მოუწოდოს ხელისუფლებას, არ მიიღოს რუსული კანონი.

„მივმართავ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით.

ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯარო და სახალხოდ, გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობოების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას, პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი, არ შეიძლება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში.

სწორედ სახალხო დამცველი მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა, ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ, მოგიწოდებთ გამოხვიდეთ, ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების პრევენციულად. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა კორძიამ.

პარლამენტი რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავს.