კორონავირუსი | 6 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მცირედით ნაკლები, ვიდრე გუშინ. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 9245-ს მიაღწია.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია:

  • 348 გამოვლინდა აჭარაში;
  • თბილისი – 99;
  • იმერეთი – 59;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19;
  • მცხეთა-მთიანეთი – 10;
  • შიდა ქართლი – 4;
  • გურია – 3;
  • კახეთი – 3;
  • ქვემო ქართლი – 1;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 4358 აქტიური შემთხვევაა და მათ შორის კრიტიკულად მძიმე 55 პაციენტია. მისივე ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტებიდან 9 აფხაზეთიდანაა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. როგოც უწყებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა.

მათივე ცნობით, მეორე გარდაცვლილი 64 წლის ქალია, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. აჭარის ჯანდაცვის ცნობით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები – ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ჰქონდა.

კიდევ ერთი, მე-3 გარდაცვლილი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 84 წლის კაცია, რომელსაც COVID -19-თან ერთად, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. როგორც უწყებაში ამბობენ, მამაკაცს გადატანილი ჰქონდა ინსულტიც.

მეოთხე პაციენტი მცხეთის Covid-ცენტრში მკურნალობდა. პაციენტი 67 წლის ქალი იყო, რომელსაც მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის თქმით, მძიმე მდგომარეობაში იყო გართულებული მკერდის კიბოთი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით უკვე 58 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი 0.6%-ია, რაც გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს უახლოვდება.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს. ამის შესახებ „პუბლიკას“ სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა. სკოლამ პირველკლასელის დაინფიცირების შესახებ გუშინ შეიტყო.

დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო სკოლაში და ინფორმირებულები არიან მშობლებიც.

ასევე, დღეს სამეგრელოში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას თქმით, 3 ფოთში ევექსის კლინიკის თანამშრომლებს დაუდასტურდათ. ხოლო 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.

დღეს 249-ით მოიმატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა და მათი რაოდენობა, ჯამში, უკვე 4 887-ს შეადგენს.