კორონავირუსი| 7 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი. Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

• აჭარა – 259;
• თბილისი – 111;
• იმერეთი – 91;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25;
• გურია – 8;
• ქვემო ქართლი – 5;
• მცხეთა-მთიანეთი – 5;
• შიდა ქართლი – 2;
• კახეთი – 2;

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, ინფექციურ საავადმყოფოში ანალიზი აუღეს და „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

Covid-19 დაუდგინდა თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ მისი ძმა სახელდება, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც „კოვიდ-19“ კვირას გამოუვლინდა. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას დღეს დილით დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმური კვლევისას გამოვლინდა, სამი შემთხვევა კი, ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 65 წლის იყო, რომელსაც ჰქონდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.

აჭარაში კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტი – 70 წლის, დიაგნოზიად დაუსვეს COVID-19, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი.

თბილისში, კლინიკა „ამტელში“ გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალის მკვიდრი, 83 წლის მამაკაცი იყო. პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

შუადღისით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, 51 წლის მოქალაქე. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობდა.


27 ოქტომბრის 23:59 სთ-ის Stopcov.ge-ს მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9753;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5235;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 63;
  • კარანტინის რეჟიმში – 5824;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1310;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.