კორონავირუსი | 8 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

• აჭარა – 230;
• თბილისი – 134;
• იმერეთი – 68;
• სამცხე-ჯავახეთი -8;
• ქვემო ქართლი – 8;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი -8;
• შიდა ქართლი – 6;
• კახეთი – 5;
• მცხეთა-მთიანეთი – 5.

ენდელაძისვე განცხადებით, დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4672 აქტიური შემთხვევაა. მათგან 60 – კრიტიკულად მძიმეა. კრიტიკულ პაციენტებს შორის, 59 მართვის სუნთქვაზეა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, სამივე აჭარაში.

ერთ-ერთი გარდაცვლილი, 62 წლის, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა და თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება და გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

კიდევ ერთი გარდაცვლი, 52 წლის, რომელსაც კორონავირუსის გარდა, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტს ასევე ჰქონდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

მესამე გარდაცვლილი 84 წლის იყო, რომელსაც COVID -19, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტს აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავდება და არტერიული ჰიპერტენზია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე, ამ შემთხვევაშიც, რთულად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ მესამე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება. დღეს დაფიქსირდა ინფიცირების 220 და გამოჯანმრთელების 230 შემთხვევა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ქალთა ანსამბლ „თუთარჩელას“ 11 წევრს დაუდასტურდა ვირუსი. ანსამბლის დანარჩენი 21 წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია გადასული.

კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს.

უწყების ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

„სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას“, – აცხადებენ შსს-ში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი შიდა ქართლში დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სკოლის მოსწავლეა. მათგან ორი „ჯიპისის“ აფთიაქის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია. ოთხი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მათი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ინფიცირებულთა შორის გორის მე-3 საჯარო სკოლის ერთი მოსწავლეა. კლასი სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას თქმით, სამი ზუგდიდშია, მათ შორის ერთი ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია, ორი არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენი ოთხი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებული რუხის კლინიკაში.

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს. ვირუსი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს დაუდასტურდა. ანალიზის პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. ინფიცირებულის კლასელებსა და მასწავლებლებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. ბიოლოგიურ ნიმუშებზე პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა.