„სამედიცინო დაწესებულებები არაფრით არ არის უზრუნველყოფილი – არ აქვთ ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები, სპირტი, არაფერი არ აქვთ. ქაღალდზე აქვთ ყველაფერი, სინამდვილეში კი – არაფერი“, – წერს Facebook-გვერდზე აფხაზეთის ჰოსპიტლის ხელმძღვანელი ზურაბ აჩბა.
facebook-პოსტში ის 22 მარტს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესში არ იყო გათვალისწინებული პრევენციისა და უსაფრთხოების ზომები. [ტექსტი შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც ექიმი იყენებს].
„როგორ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლა – არანაირად. ვნახე ყველა ფოტო და ვიდეო ამომრჩეველთა უბნებიდან. ჩვენი ქვეყნის სრული მარცხია – ყველა დამკვირვებელი და ყველა ამომრჩეველი ნიღბისა და ხელთათმანის გარეშეა; მაგიდებზე არ დგას სადეზინფექციო საშუალებები, ყველა ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. თქვენ რა, გაგიჟდით?“, – წერს ის.
ამავე პოსტში ის ასევე აღნიშნავს, რომ იცის ბევრი რუსის შესახებ, რომლებიც აფზახეთში ვირუსს გამოექცნენ.
„ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვფიქრობთ – იქნებ, გაგვივიდეს. გარწმუნებთ – არ გაგვივა. რატომ იყო ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში, იმიტომ, რომ ისინი მენტალურად ჩვენნაირი არიან – უთავბოლო და არაკანონმორჩილი. დღეს ჩვენ არავითარი ხელისუფლება არ გვყავს. სრული განუკითხაობაა და ამიტომაც მოგმართავთ თქვენ – აფხაზეთის მოქალაქეებს. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული და ვერ დაველოდებით, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება ან არ დაგვეხმარება. ჩვენ თვითონვე უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება, სხვაგვარად გვიან იქნება.
ძალიან გთხოვთ, ნუ გამოხვალთ გარეთ საჭიროების გარეშე, ნუ ივლით რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, ნუ ივლით საზოგადოებრივ ადგილებში, ნუ შეიკრიბებით ორ ადამიანზე მეტი, ნუ ივლით სამსახურში (ექიმებისა და ძალოვნების გარდა). ვისაც სოფელი გაქვთ, სასწრაფოდ წადით სოფელში (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ხალხია). ქუჩაში გამოსულებს ნუ მოგერიდებათ ნიღბის ტარება, სახლში დაბრუნებულებმა ხელი საპნით და სპირტის შემცველი ხსნარით გაისუფთავეთ.
ძალიან გთხოვთ, ყური დამიგდეთ. ავადმყოფობა არ არჩევს ნაციონალობას, შნოიანობას, მენტალობას, სინდისს, სირცხვილს ან თქვენს პონტებს. ის შეეხება ყველას. თუ თავი არ გეცოდებათ, შეიცოდეთ თქვენი შვილები და ახლობლები. ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენ გაგიმართლებთ. თუ თქვენ არ დაიცავთ ელემენტარულ, მარტივ წესებს – არ გაგიმართლებთ. არ არის საჭირო პანიკა, მაგრამ ვირუსს, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენამდეც მოაღწია, ღირსეულად უნდა შევხვდეთ”, – წერს ექიმი facebook-ზე.
აფხაზეთში დღეს, 25 მარტს, უკვე დაამტკიცეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ აიკრძალა სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებები – მათ შორის, ქორწილები. აიკრძალა ექსკურსიები, ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. 27 მარტიდან დროებით დაიხურება კაფეები, რესტორნები, ბაზრები. 27 მარტიდან ასევე იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმუშავებს მხოლოდ ტაქსი. სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები გაგრძლედება 7 აპრილამდე. აფზახეთის ე.წ. მთავრობა თხოვნით მიმართავს სავაჭრო ორგანიზაციებს, არ გაზარდონ ფასები აუცილებელ საქონელზე, მათ შორის საკვებზე, ბავშვთა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო და სადეზინფექციო საშუალებებზე და ა.შ.
როგორ უნდა ემზადებოდეს თბილისი აფხაზეთში მოსალოდნელი გართულებისთვის
„TV პირველთან“ საუბრისას, კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, პირველწყაროებზე დაყრდნობით რა ინფორმაციასაც ფლობს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვირუსის შემთხვევები აფზახეთში არ ფიქსირდება [გამოვლენილი არაა], რაც არ ნიშნავს იმას, რომ [ინფიცირების შემთხვევები] არ არის.
მისი თქმით, აფხაზები ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან ცუდად არიან მომზადებულები. მათ, ფაქტობრივად, არანაირი ანდაც ძალიან მცირე შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ.
„მხოლოდ დიაგნოსტიკაზეც არ არის საუბარი. ზოგადადაც, საზოგადოებრივი ცნობიერება ამ ამბისთვის არ არის მომზადებული. არ არის სადეზინფექციო საშუალებები, არც პირბადეები და არც ის მედიკამენტები, რომელსაც ქართველი ექიმები აქ იყენებენ. თუ იქ პრობლემა შეიქმნება, და ადრე თუ გვიან ეს მოხდება, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ“, – ამბობს კანაშვილი.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთში სამედიცინო სექტორი ძალიან მოუმზადებელია, საქართველოს მთავრობამ აქედანვე უნდა დაიწყოს მომზადება პაციენტთა ნაკადის მისაღებად. მან ასევე აღნიშნა საველე ჰოსპიტლის მოწყობის შესაძლებლობის განხილვა რუხის სამედიცინო დაწესებულებაში.
„მოსალოდნელი გართულების ალბათობა არის ძალიან მაღალი და ამისთვის მზადების დაწყება აუცილებელია. გარწმუნებთ, ერთი-ორი ფაქტი როგორც კი დაფიქსირდება, აფხაზებიც წამოვლენ და გალში მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ აქედან უფრო მეტ ყურადღებას გრძნობენ ხოლმე, ვიდრე რუსეთის მხარეს“, – ამბობს კანაშვილი.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ კადრებს, ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კადრებზე ასახული მანქანათა კოლონა ფსოუზეა გადაღებული. მისივე თქმით, კორონავირუსის შიშით რუსები აფხაზეთს აფარებენ თავს.
გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ფსოუზე მანქანების მოჭარბებულ რაოდენობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
►„ფსოუზე რამდენიმე დღის წინ დააყენეს სპეციალური აპარატურა, რომლითაც ამოწმებენ შემსვლელისა და გამომსვლელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად, ეს იწვევს გადაადგილების შეფერხებას.
► მეორე – ცოტა ხნის წინ მქონდა აფხაზებთან კონტაქტი და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი, რუსეთის მოქალაქეებს ვგულისხმობ, იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსის ფაქტები, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა აფხაზეთში, ცდილობენ, აფხაზეთს შეაფარონ თავი.
► მესამე – არის შეზღუდვა, რომელიც რუსეთმა შემოიღო აფხაზეთთან მიმართებით. კერძოდ, ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ვეღარ გადავლენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ანუ თუ აქვთ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, იქეთ ვერ გადავლენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იწვევს ამ პროცესებს ფსოუს გამტარ პუნქტზე“, – აცხადებს კანაშვილი.
რას აპირებს საქართველოს მთავრობა?
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, თავს იკავებს შეკითხვაზე პასუხისგან, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება ამ მიმართულებით.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა სახელმწიფო რაიმე სახის ზომების მიღებაზე აფხაზი ექიმების განცხადებების საპასუხოდ ან ფლობს თუ არა სახელმწიფო მათზე ინფორმაციას, სოზარ სუბარმა პასუხისგან თავი შეიკავა:
„ინფორმაციები გვაქვს საკმარისი და საკმარისზე მეტიც, კონტაქტებიც გვაქვს, მაგრამ აქ თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ამით შეიძლება ზიანი მივაყენო სწორედ იმ მოქალაქეების ჯანმრთელობას, რომლებსაც დახმარება შეიძლება დასჭირდეთ“, – ამბობს სოზარ სუბარი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, „ოკუპაციისა და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში ძალიან ძნელია, რომ ჩვენ გავატაროთ ეფექტური ღონისძიებები, თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის პარტნიორების დახმარებით, მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს. ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას“.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მისი თქმით, აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნიან ყველა იმ მასალას, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და ავრცელებენ სხვადასხვა არხით.
ციხელაშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა და ა.შ.
„ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ საფრთხის შესაკავებლად“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.