კორონავირუსი მხოლოდ 20 მემანქანეს აქვს, პანიკის საფუძველი არაა - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ კორონავირუსი მეტროს რამდენიმე მემანქანეს გამოუვლინდა და ინფორმაცია, რომ ინფიცირებულია მემანქანეების დიდი ნაწილი, არასწორია.

„ჩვენ სულ გვყავს 250 მემანქანე. გარდა ამისა, გვყავს მემანქანეთა სარეზერვო ნაწილიც. ამ 250 მემანქანიდან, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით დაახლოებით 20 მემანქანეა ინფიცირებული. შესაბამისად, ეს რაოდენობა ყოველგვარი პანიკის საფუძველს გამორიცხავს, რადგან სატრანსპორტო კომპანიას აქვს რესურსი საიმისოდ, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლელა სეთურიძემ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას აქვს როგორც არსებული თანამშრომლების სრული მობილიზაციის, ასევე საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა რეზერვის ამოქმედების შესაძლებლობა.

„გვყავს კომპანიები, რომლების სიმპტომების შემთხვევაში უზრუნველყოფენ თანამშრომლების ტესტირებას როგორც სწრაფი, ასევე PCR-ტესტებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ ზუსტად ისეთ საკვანძო პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს, როგორებიც არიან მემანქანეები, მძღოლები, კონდუქტორები, კონტროლიორები თუ სხვა“, – ამბობს ლელა სეთურიძე „პუბლიკასთან“.

რაც შეეხება დამოუკიდებელი პროფკავშირის შეთავაზებას პრევენციული ღონისძიებების შესახებ, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „ერთობა 2013-ის” თვალთახედვა არარელევანტური იყო ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

„გამომდინარე პანდემიიდან, მაშინ, როდესაც პირიქით მოდის მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება გაიზრდოს მუნიციპალური ტრანსპორტი, შემცირდეს ინტერვალი, მათი წინადადება აბსოლუტურად არალევანტური იყო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. პირიქით, ჩვენ მთელი რესურსი მობილიზებული გვაქვს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინტერვალითა და სრული დატვირთვით ვამუშაოთ მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ მგზავრები ამოსავალი წერტილია და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები მგზავრი გვყავდეს როგორც თბილისის მეტროში, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად. მათი წინადადება აბსოლუტურად მიუღებელი იყო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე”, – ამბობენ კომპანიაში.

მათივე თქმით, კომპანიაში იცავენ უსაფრთხოების ზომებს როგორც მგზავრების, ასევე თანამშრომლებისთვის, „ამ რეჟიმში ვართ უკვე ერთი წელია და ხდება დეზინფექცია როგორც სადგურებისა და ვაგონების და ასევე – მუნიციპალური ავტობუსების”.

გუშინ საღამოს, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, „ერთობა 2013-მა“ განცხადება გაავრცელა მეტროპოლიტენში არსებულ COVID-ვითარებასთან დაკავშირებით. მათი ცნობით, ინფიცირებული იყო მეტროს მემანქანეთა დიდი ნაწილი. დამოუკიდებელი პროფკავშირი ადმინისტრაციას სწრაფი და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებდა.