რა შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს მთავრობა | ვიცე-პრემიერის განმარტება

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა, ფართო კონსულტაციების ფორმატით, სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას განიხილავს, მათ შორისაა ზომების მიღება მობილობის შესამცირებლად.

ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური გზა ნიღბის ტარებაა; მისი თქმით, უკვე შემოღებული რეგულაციის უკეთ დასაცავად (ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება) გაძლიერდება ადმინისტრაციული კონტროლი.

„მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; შეიძლება, იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების  განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების შეჩერება ან ისევ მათი სამუშაო საათების რეგულირება; ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიიღებენ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს სექტორს.

„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა ან კიდევ კვირის რომელიმე დღე, ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი აქვს წარდგენილი, საშუალო მსუბუქი და ძლიერი, რაც გულისხმოს ინფექციის გავრცელების სიმძლავრეს.

„ვითვალისწინებთ ბიზნესინტერესებს და ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა  დამყარებულია შემდეგზე:

სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენად დაცულია დისტანცია, ნიღბის ტარება და ა.შ., ამას ვანიჭებთ უპირატესობას.

სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღოთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ვინაიდან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, ვაწოდებთ სხვადასხვა გამოცდილებაზე დამყარებულ დასკვნას, საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განმარტა ეკა ტიკარაძემ.