კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 რესპუბლიკურის მედდაა - გოფოძე

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ცნობით, ორი სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამ დროის მონაცემებით, ჯამში 11 მედიკოსია ინფიცირებული.

2 ახალდაინფიცირებული მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.  ჯამში 11 მედპერსონალია ინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტის კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტი გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, – განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის 26 პაციენტი მკურნალობს, ვისაც COVID-19 აქვს დადასტურებული. გოფოძის თქმით, ერთია განსაკუთრებით მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა; 2 კი განსაკუთრებით საყურადღებო, პნევმონიით რეანიმაციაშია მოთავსებული.

გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საავადმყოფო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას არ გეგმავს, რადგან კლინიკა სრულადაა აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.