დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის სოფო გორგოძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გორგოძის თქმით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი. ავადმყოფია ის. ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის მალე სრულად გამოჯანმრთელდება, ის დღეს პაციენტია და ის გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი ჯერჯერობით გამოცდებზე ამიტომ ვერ გავა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, შეეძლება თუ არა მას გამოცდაზე გასვლა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა მიიღოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს განაცხადა, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნლაობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – აღნიშნა გორგოძემ.