კორონავირუსისგან დასაცავად ყველაზე ეფექტური სამშრიანი ნიღაბია - ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი ორ- ან სამშრიანი სამედიცინო პირბადეა.

„ყველაზე უფრო ეფექტიანი არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ორშრიანი ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც.

რაც უფრო მეტშრიანია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ შეაკავებს ის ვირუსს, უფრო მაღალია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება, ეს არის სწორად რისკის შეფასება, სად იმყოფებით, ნიღაბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და იმ გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით.

დღესაც ხშირად ვამჩნევ, რომ ნიღაბი ზოგს უკეთია მაგრამ ფორმალურად, ეფექტსმოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის მორგებული სახეზე და არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად.

ყველაფერს თავისი წესი აქვს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღაბი უნდა ეკეთოს უკუღმა – ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცილ წვეთებს შეაკავებს. სამედიცინო ნიღბები არის ერთჯერადი და ის არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და მეორედ გამოყენებას. მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება იმ დროით, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. შეიძლება დანესტვა დადგეს ძალიან ჩქარა ან გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ხუთ საათამდე“,- განაცხადა ზახაშვილმა.