კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და მან აღნიშნულით ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის 11 აგვისტოს „COVID-19-ის დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულმა ექიმმა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის გარეშე დაუნიშნა.
პროკურატურა ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ასევე ბრალდება წარდგენილი აქვს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს და სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.