1 წელი და 6 თვე - კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურის ექთანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექთანი თეა ბეგიაშვილი.

ბეგიაშვილს გამოძიება დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა. გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ გამოაცხადა, ექთანს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში დამნაშავეთა წრე უფრო დიდია და ელოდება სხვა ექიმების პასუხსგებაში მიცემას.

ჩარკვიანის ადვოკატი ამბობს, რომ უკვე მსჯავრდებულ მთავარ ექთანს ხელი ჰქონდა მოწერილი ისეთ დოკუმენტებზე, რომელზე ხელის მოწერაც არა მისი, არამედ მორიგე ექთნისა და მორიგე ექიმის ვალდებულება იყო.

„დანიშნულების ფურცლებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ისტორიაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, სადაც უნდა ყოფილიყო მორიგე ექთნისა და ექიმის ხელმოწერა და არა მთავარი ექთნის. ის დოკუმენტების გაყალბებაზეა დაკავებული, რაც შეეხება ვახტანგ ჩარკვიანის სიკვდილამდე მიყვანას, გულგრილობას, ქეთევან ცერცვაძეა პასუხისგებაში მიცემული, ველოებით დანარჩენების პასუხისმგებაში მიცემას“, – ამბობს ჩარკვიანის ადვოკატი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბეგიაშვილს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან, ამავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ.

ამასთან საგამოძიებო უწყება აღნიშნავდა, რომ ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, რეალურად კი მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ასევე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ცერცვაძე.

მას გამოძიება სსკ-ის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს (გულგრილობას, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).

ქეთევან ცერცვაძეს 2023 წლის 21 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა პროკურატურამ გირაოზე იშუამდგომლა.

ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის კლინიკაში შეყვანიდან, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.