კორონავირუსთან ბრძოლაში მოქალაქეების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ვგეგმავ - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოსა“ და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ფინანსური წვლილის შეტანას გეგმავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ბიზნესპარტნიორებსაც.

„მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე, მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნესპარტნიორებსა და მეგობრებს – გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, შექმნილია რამდენიმე სამოქალაქო პლატფორმა ვირუსთან ბრძოლისა და შექმნილ სიტუაციაში მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის დასახმარებლად, ამ სამოქალაქო თვითორგანიზებას კი მხარდაჭერა სჭირდება.

„მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები,  ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ!“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.